უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან დღეს ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ გერმანია ევროპაში ახალი კედლის აშენების თანამონაწილეა, როცა უკრაინის ევროინტეგრაციას აფერხებს.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიას და სხვა მოთამაშეებს არ სურთ რუსეთის შეზღუდვა შექმნილი ვითარების შესაბამისად.
„მოგმართავთ სამი კვირის თავზე, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან. მას შემდეგ, რაც ათასობით უკრაინელი დაიღუპა...მას შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენი კავშირები აქვთ თქვენს კომპანიებს რუსეთის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც გიყენებენ თქვენ და სხვა ქვეყნებს ომის დასაფინანსებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანია მუდამ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სწრაფ ევროინტეგრაციას და ამიტომ აქვს პასუხისმგებლობა რუსეთის შემოჭრაზე.
„როდესაც ჩვენ გეკითხებოდით, რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმისთვის, რომ NATO-ს წევრი გახდეს, გვისმენდით და გვპასუხობდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს და არც იქნება. და თქვენ წელავდით და ახლაც აფერხებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. თქვენთვის ეს პოლიტიკაა. სინამდვილეში, ეს არის ქვები ახალი კედლისთვის, რომელიც ევროპას გაჰყოფს“, - განმარტა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ესმით რა ხდება. „მე მადლობელი ვარ გერმანული ბიზნესის, რომელმაც მორალი ეკონომიკაზე მაღლა დააყენა. მადლობა პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსულ ფულსა და უკრაინელი ბავშვების სიკვდილს შორის აირჩიეს სიცოცხლე...მათ ვინც იციან, რომ უკრაინა იქნება ევროკავშირში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ